ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში თანამდებობას კიდევ ერთი ქართველი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დაიკავებს. გამოცემა "ჰრონიკა.ინფო"-ს ინფორმაციით, უკვე 23 ივნისიდან ოდესის რეგიონში არსებულ კორუფციას საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი შეებრძოლება.
გამოცემის ცნობით, დღეს ოდესის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გაიმართა, რომელზეც ოდესის სანატორიუმების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა მოსთხოვეს. მათთან შესახვედრად ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი იულია მარუშევსკაია გავიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ უკვე არსებობს შესაბამისი კანდიდატურა, რომელიც ოლქში კორუფციას შეებრძოლება.
"ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობას საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, 42 წლის, ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე ზურაბ ადეიშვილი დაიკავებს", - წერს გამოცემა.