ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მდინარე ვერეს მილებში გატარება არასწორი იყო.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტთან დაკავშრებით აღნიშნა, ამ ადგილას მდინარე ვერეს მილებში მოქცევის საკითხი ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ.
„მე ჩემს აზრს გეტყვით. მე ძალიან ბევრი მიშენებია, თუმცა პროფესიონალი არქიტექტორი არ გახლავართ, არც კონსტრუქტორი ვარ, მაგრამ შემიძლია ძალიან ბევრ კონსტრუქტორსა და არქიტექტორს შევეკამათო, დიდი პრაქტიკა მაქვს. მდინარის მილში ჩაგდება და თან ასეთი მთის მდინარის, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. მე პროფესიონალი არ ვარ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა აზრი. ამას დიდი წონა არ აქვს, საბოლოო დასკვნა ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს რა თქმა უნდა არასწორი იყო, როდესაც მდინარე მილებში გაატარეს და ამან გამოიწვია ეს. ალბათ, მაინც იქნებოდა უბედურება. ახლა ამას ვერავინ აწონის, რა მოხდებოდა, თუ მდინარე კალაპოტში არ იქნებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი ერთ-ერთი მდინარე მისი ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე შევარდა და აუზი დატბორა.
„ისე, ექსპერტებმა და პროფესიონალებმა უნდა დაადგინონ, მაგრამ ჩემი, არაპროფესიონალის აზრით, გადაცდომა იყო“, - აღნიშნა ივანიშვილმა.