"მე დავაფინანსებ, რასაც მთავრობა და ხელისუფლება ვერ შეაგროვებს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზადაა თანხა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას დააკლდება, თვითონ გადაიხადოს.

ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ყველას ვინც კონკრეტული თანხა გაიღო სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.

"მე საჯაროდ განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა და ისინი აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთის, რომ მაქსიმალურად დაფარონ ის ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა. რასაც ვერ შეძლებენ, ნებისმიერ თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩათვალეთ რომ აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება და საზოგადოება", - განაცხადა ივანიშვილმა. 

ყოფილმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანაზე ის 2006-2007 წლებში მუშაობდა და პროექტიც გაკეთებული ქონდა.

"არ ვიცი ჩემი ნათქვამი რამდენს მოეწონება და რამდენს არა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე გამიგია. ზოოპარკი იმ პირობებში, სადაც იყო, არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და მთავრობას ვპირდებოდი დავეხმარებოდი და დავაფინანსებდი, რათა ცხოველებსაც ჰქონდეთ ცხოველური პირობები, თუ გნებავთ ადამიანური პირობები, მათ თუ ვატყვევებთ, ღირსეულად უნდა მოვექცეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ ვერ იყო სანიმუშო დონეზე. ახლა მთავრობა იზრუნებს, როგორც ნარმანიამ განაცხადა ზოოპარკისთვის ადგილი გამოყოფილია. მეც ჩემ წილად დავეხმარები", - განაცხადა ექსპრემიერმა.