ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მოხდა დისბალანსი და განსაკუთრებული კატაკლიზმები პოლიტიკაში.
ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.
„თუ მოხდა დისბალანსი, თუ მოახერხეს ის, რაც მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ მოხდა ასეთი კატაკლიზმები, რასაც მე ვერ ვხედავ და არ ვუყურებ ისე, რომ მოვლენები ასე განვითარდეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავბრუნდები. საბედნიეროდ, არ ჩანს ჩემი დაბრუნების საჭიროება და არც დავბრუნდები“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ დაირღვა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ის პრაქტიკა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ 3 წლის განმავლობაში დანერგა და თუ მთავრობამ საზოგადოების მოსმენა შეწყვიტა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ის დაბრუნდეს პოლიტიკაში, თუმცა მისი თქმით, დღეს ამის ნიშნებს ვერ ხედავს.
„შესაბამისად, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან აკონტროლებს სიტუაციას, ყოფილმა პრემიერმა დღეს ამასაც უპასუხა. ივანიშვილის თქმით, ის კულისებიდან ვითარებას არ აკონტროლებს.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, რადგან მის სიტყვას აქვს ფასი და გარკვეულ ანალიზსაც აკეთებს მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ ამბობენ, რომ იგი კულისებიდან მართავს ქვეყანას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის მაღალი თამასა, რომელიც მან პრემიერობის დროს დატოვა, თუ ვერ შენარჩუნდა, ის არ გაჩუმდება და ეს ძალიან კარგად იციან.
„იციან, რომ თამასის დაბლა დაწევას არავის ვაპატიებ. ეს აშფოთებთ და მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ. დიახ, თუ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მათ დარღვევებზე ხმას ამოვიღებ, მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ამას ანგარიშს უწევს და უნდა გაუწიონ კიდეც. იციან, რომ მე არ გავჩუმდები და ეს აქვთ მხედველობაში. ამ ჩრდილს ხედავენ, რომ თუ დაარღვევენ, მე ხმას ამოვიღებ. ჩემი აზრით, ამას ეძახიან მართვას, მაგრამ ეს არ არის მართვა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული პრემიერი და მთავრობა და მშვენივრად ართმევენ თავს საკუთარ პრობლემებს. თვეში ერთხელ რჩევის მიცემა მთელს ევროპასა და მსოფლიოში მიღებულია“, - განაცხადა ივანიშვილმა.