ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, 3 კი დაკარგულად ითვლება

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, 3 კი დაკარგულად ითვლება

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ საზოგადოებას სტიქიის შედეგების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, დაკარგულად კი 3 ითვლება. რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, ღიბრაძის თქმით, მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქში არ არის ნაპოვნი არცერთი მტაცებელი.

მისივე თქმით, დაკარგული ცხოველების შესახებ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, ამ დროისთვის სხვა ახალი ინფორმაცია არ არის. ღიბრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძაღლთსაშენის ცხოველთა თავშესაფრიდან 5 დათვის ლეში გამოიტანეს, კიდევ 5 კი ტარიტორიაზე დარჩენილია.

რაც შეეხება დაშავებულებს, 12:00 საათის მდგომარეობით, კლინიკებში 6 პაციენტი რჩება.

ზოოპარკში მოხალისეების შეშვება შეზღუდვებით ხორციელდება. ღიბრაძის განმარტებით, ხდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რომ მოხალისეებს აუცილებლად დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვათ. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის დირექტორის თქმით, სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა, მიმდინარეობს სახლების და სარდაფების დასუფთავება, სოსისების ქარხნის მიმდებარე ტერიტორია კი წყლისგან იტუმბება და ტერიტორიას შლამისაგან წმენდენ.

წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე რამდენიმე ალტერნატიული გზის მოძიება მიმდინარეობს. ასევე, ხდება მეწყერში ჩარჩენილი 5 ავტომობილის გამოყვანის ოპერაცია. ახალდაბის გზის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს და ამ სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მიმოსვლა სრულად აღდგება.

ღიბრაძის ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები. მის მიმდებარედ არსებული ძველი და ახალი გვირაბები შემოწმდა. მისივე თქმით, ერთ-ერთ გვირაბზე აღმოჩენილია 1 მეტრის სიდიდის დაზიანება და ის დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გამოცხადდეს თუ არა დაზარალებულ უბნებზე საგანგებო მდგომარეობა, ღიბრაძემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის.

„აღნიშნული ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის და ამის აუცილებლობა არც აქამდე არსებობდა“, - აღნიშნა ღიბრაძემ.