საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, რაც დღეს სვანიძის ქუჩაზე ნახეს, აუცილებელია დახმარება როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკის კუთხით. ამის შესახებ ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ჟურნალისტებს სვანიძის ქუჩაზე განუცხადა, სადაც სტამბოლიდან ჩამოსულ დელეგაციასთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.
"უპირველესად მწუხარებას გამოვთქვამ და ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ეს შემთხვევა მოხდა, მე გავაკეთე მობილიზება თურქი ბიზნესმენების. ბიზნესმენები დადგნენ ფეხზე და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ საქართველოსთვის, ეს არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც საქმიანობენ და ცხოვრობენ საქართველოში. თუმცა შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თურქეთის სახელმწიფომაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს. ამ მიზნით მე დავუკავშირდი დაძმობილებულ ქალაქ სტამბოლს და მათი წარმომადგენელი მოვიწვიე აქ, რათა თავიანთი თვალით ნახონ მდგომარეობა, შეაფასონ, რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ საქართველოს და როგორი სახით უნდა გაკეთდეს ეს", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით თბილისში იმყოფება სტამბოლის მერის მთავარი მრჩეველი, რომელსაც დაევალა შეისწავლოს და აღრიცხოს ყველაფერი, თუ რა უნდა გაკეთდეს და შემდეგ აცნობოს თავის ხელმძღვანელობას.
"რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფინანსური დახმარება და ასევე ტექნიკით დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.