პროკურატურას ალბათ სურს, რომ გარკვეულწილად გაანეიტრალოს ცოტათი მაინც ის მძიმე შეცდომები, რაც მთელი რვა თვის განმავლობაში დაუშვა , - ასე აფასებს ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა პროცესზე დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების საერთოდ გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, რადგანაც სამუშიას თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი დანაშაულის მტკიცებულება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის.
"დაცვის მხარე ხვალ მოითხოვს არა რომელიმე სახის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ან გირაოთი გათავისუფლებას, არამედ დაცვის მხარე მოითხოვს საერთოდ ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგანაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება შეეფარდოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს. დანაშაული არ არსებობს სახეზე და მე მგონი პროკურატურა აცნობიერებს თუ რასთან აქვს საქმე და ხვდებიან, რომ ამ საქმეზე რაიმე სახის მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა გამორიცხულია. ჩემი აზრით, პროკურატურას სურს, ალბათ, რომ გარკვეულწილად გაანეიტრალოს ცოტათი მაინც ის მძიმე შეცდომები, რაც მთელი 8 თვის განმავლობაში დაუშვა", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა.
საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე.