თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონებში მოხალისეების სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა.
"მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ნარმანიამ.
თავად მოხალისეები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება და შაბათ-კვირას სამუშაოების გაგრძელებას შეძლებენ. მათი ინფორმაციით, ობიექტებზე მუშაობა დაკავშირებულია რისკებთან, როგორც ეპიდემიის თუნდაც მინიმალური საფრთხის, ასევე მტაცებელი ცხოველების მხრიდან თავდასხმის გამო.
სტიქიის ზონები უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იქნება პატრულის მიერ.