ვერეს ხეობაში სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეისწავლის

ვერეს ხეობაში სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეისწავლის

ვერეს ხეობაში სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო მარგოტინი შეისწავლის. ამის შესახებ გმირთა მოედანზე ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა. 

მისივე განმარტებით, კლაუდიო მარგოტინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩამოიყვანა საქართველოში. იგი არის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი. 

"ჩვენ ვთხოვეთ კონსულტაცია გაეწია თბილისის მერიის სპეციალისტებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებისთვის. ისინი ერთად დაათვალიერებენ ვერეს ხეობას, შემდეგ ავლენ ბეთანიაში, სამეწყერო ზონებს და ადგილებს დაათვალიერებენ. ბატონი კლავდიო გვიწევს რეკომენდაციებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის მომავალშიც კომპლექსურად ჩაერთოს პროცესების შესწავლაში და საბოლოო დასკვნაშიც იყოს ჩართული, რადგან ის არის ადამიანი, რომლის გამოცდილების, ცოდნის და პროფესიონალიზმის მქონე პიროვნება ცოტაა და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

როგორც კლავდიო მარგოტინიმ განმარტა, მან პირველადი დათვალიერების შედეგად ნახა, რომ ძალიან უჩვეულო სიტუაციაა. 

"უჩვეულო სიტუაციაა, რადგან ამ პროცესებმა და ტრაგიკულმა მოვლენებმა გააერთიანა რამდენიმე კატასტროფა, კატაკლიზმები და ძალიან უჩვეულო ფენომენია. ერთი მხრივ, ძალიან დიდი ნაკადი იყო წყლის, მეორე არის ის, რომ იყო მეწყერი, ამ ორმა ძალამ ერთად ფაქტობრივად დაანგრია ტერიტორია. მძიმე და უჩვეული სიტუაციაა, ყველა ღონეს ვიხმართ და შევიმუშავებთ რეკომენდაციას, რათა მომავალში თბილისში ასეთი რაღაც აღარ განმეორდეს", - განაცხადა კლავდიო მარგოტინიმ.