საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, უკვე დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც გზა გაივლის.
"აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ორხიდიანი ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება", - აცხადებენ სამინისტროში.
სოფელი ახალდაბა გარესამყაროს წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე 13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მეწყერმა მოწყვიტა.