ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ

ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, გუშინ და დღეს მან უამრავი ისტორია წაიკითხა. "დღესაც უამრავი ისტორია მოვისმინეთ. მაგალითად, როგორ სთავაზობენ ადამიანები საკუთარ ბინებს დაზარალებულებს. ერთ-ერთი მოქალაქე მათ ავეჯის უფასოდ დამზადებას სთავაზობს. მე ვნახე დღეს და ყველამ ნახეთ ალბათ ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა როგორ მუშაობს. მე გუშინ მოვისმინე ერთი ისტორია, რომ ერთ-ერთი პიცერიის მეპატრონე ღამის საათებში 20 პიცით მივიდა ადგილზე. ეს ისტორიები არის უპრეცედენტო, უნიკალური და ამას სჭირდება სააშკარაოზე გამოტანა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ვართ მართლაც ერთმანეთის გვერდში მდგომი და გაუტეხელი ხალხი.

"ჩვენ მოვისმინეთ გმირობის არაერთი მაგალითი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გმირი მაშველი, რომელმაც გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე და საკუთარი თავი გაწირა, რა თქმა უნდა ეს მაშველი არის გმირი და მან გამოიჩინა გმირობის მაგალითი. რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან ის საჭიროებს შესაბამის დაფასებას. იმედი მაქვს, ბატონო ვახო, თქვენ მიხედავთ ამ ადამიანის ოჯახს", - მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორც არის კანონის შესაბამისად, დაღუპული მაშველის ოჯახს 100 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოეყოფა და შემდეგ ყოველთვიურად დახმარება დაენიშნება.

"ასეთი იდეა გაჩნდა და მე მინდა მივმართო მედიას, ტელევიზიებს, რომ ასეთ ისტორიებზე გავაკეთოთ სიუჟეტები, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრათ თუ როგორი გმირები გვყავს ჩვენს შორის. ან თუნდაც დაიბეჭდოს, გამოიცეს მათი ისტორიები, მათი გმირობის მაგალითები, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოვუნახით. ეს რთული პერიოდი ჩვენ მართლა გმირულად გადავიტანეთ, ჩვენი მოსახლეობის, ახალგაზრდების, მოხალისეების მხარდაჭერით და ამას სჭირდება შესაბამისი დაფასება", - განაცხადა პრემიერმა.