ქართველებმა გაჭირვებაში სამაგალითო ერთად დგომა ვაჩვენეთ, რაც სამაგალითო უნდა იყოს სამომავლოდაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს და სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, როგორც აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა სტიქიას გაუმკლავდეს. მისივე თქმით, უნდა მოხდეს მომხდარის შესწავლა, რათა მომავალში მსგავსი მასშტაბის ტრაგედია აღარ განმეორდეს და მოხდეს პრევენცია.
პარლამენტმა სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალების ქვედანაყოფების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებები ერთხმად დაამტკიცა.
გიორგი მარგველაშვილის ბრძანებები სამუშაოებში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის, გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის და სახმელეთო ჯარების ჩართვას ითვალისწინებს.