პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული თანამოქალაქეების ხსოვნას უკვდავყოფს.
პრემიერი ზოოპარკის ტერიტორიასა და ვერეს ხეობაში სოლიდარობის პარკის გაშენების ინიციატივით გამოდის. ამასთან იგი კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
„13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა. სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამ დანაკარგს ვეღარაფერი აანაზღაურებს. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. დღეს ჩვენი ხალხი, როგორც არასოდეს, ერთიანია. თითოეული ჩვენგანი ამ ერთობის, სოლიდარობის მოწმეც არის და მონაწილეც. ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ. მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია! ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს, ამ იდეაში და ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს. ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი - ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.