დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან მინიმალურია. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
"ჯერჯერობით, ჩვენთან არსებული ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების რისკები ძალიან მინიმალურია. რაც შეეხება ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველების გვამებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გვამებისგან გაწმენდა შეძლებისდაგვარად ხდება და რამდენადაც ვიცით ზედაპირულად არც ერთი გვამი არ არის. განმარხებულები, როგორც წესი ასეთ რისკს არ ქმნის მოსახლეობისთვის და არც რაიმე დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ასე რომ, რისკები არ ფასდება, როგორც მაღალი და არის მინიმალური", -განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, გუშინ, საკუთარ ვებგვერდზე უკვე გაავრცელა მოსახლეობისთვის რეკომენდაციები და თუ რაიმე შეიცვლება, რეკომენდაციებსაც შესაბამისად შეიმუშავებენ.
"ჩვენ ვაკვირდებით დაავადებების განვითარებას და ჯერჯერობით არაფერი ჩანს საგანგაშო", -აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადება კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციები გუშინ გაავრცელა.
"წყალდიდობის შემდგომ გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გატყობინებთ:
ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეულ რისკებს;
ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;
გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;
• შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
• გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი - ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად, ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით - მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოთავსეთ მაცივარში; მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში. გახსოვდეთ! მაცივარი არა არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.
დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას, გაითვალისწინეთ - არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი; გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი", - ნათქვამია განცხადებაში.