ზურაბ აბაშიძე საფრანგეთთან გაფორმებული ხელშკრულების განხილვას ნდობის ჯგუფის ფორმატში ითხოვს

ზურაბ აბაშიძე საფრანგეთთან გაფორმებული ხელშკრულების განხილვას ნდობის ჯგუფის ფორმატში ითხოვს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების განხილვა ნდობის ჯგუფის ფორმატში უნდა მოხდეს. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება შეაფასა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი რომ მიმდინარეობს დღეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ამ საკითხების განხილვა დავიწყოთ ნდობის ჯგუფის ფორმატში.

აქედან გამომდინარე, მივმართავ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებისთანავე შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი და იქ მოვისმინოთ კონკრეტულად რას მოეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს დახურული, საიდუმლო ინფორმაციაა", -განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა იცოდნენ კონკრეტულად რა ხელშეკრულება გაფორმდა, რა ვადებზეა საუბარი და ზოგადად, როგორ გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

"ამიტომ, აუცილებელია ნდობის ჯგუფმა იმსჯელოს ამ საკითხის მნიშვნელობაზე და აქტუალურობაზე. შემდგომ რა თქმა უნდა, გაკეთდება დასკვნები", -აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა.

"დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს. მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას", - განაცხადა გუშინ თავდაცვის მინისტრმა.