სტიქიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ევროკავშირიც დაეხმარება

სტიქიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ევროკავშირიც დაეხმარება

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების დაძლევაში დაეხმარება. როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა, ევროკავშირის სტრუქტურები კოორდინაციაში არიან საქართველოს მთავრობასთან და ახლა ხდება ფორმულირება იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს, როგორც დაუყოვნებლივ, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

იანოშ ჰერმანმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით არის. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ახლობლები და საცხოვრისი.

"ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევასაც ამ შედეგების დაძლევისთვის. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სოლიდარობამ, რომელიც გამოხატული იყო ადამიანების მხრიდან. ახლა საკითხი დგას ჩვენთვის ასე: რისი გაკეთება შეგვიძლია. რასაკვირველია, დახმარება შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, პირველადი მნიშვნელობის და ასევე დახმარება, რომელიც საჭირო იქნება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს დახმარების მზადყოფნა როგორც მატერიალური, ისე ექსპერტული თვალსაზრისით. ჩვენი უწყებები არიან ყოველდღიურ კავშირში საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტი ფორმულირება რა სახის დახმარება სჭირდება საქართველოს. დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან წამოვა, სრულ თანხვედრაში იქნება იმ საჭიროებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.