საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულება დედამიწის ზურგზე საფრთხეს არავის უქმნის

საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულება დედამიწის ზურგზე საფრთხეს არავის უქმნის

საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულება დედამიწის ზურგზე საფრთხეს არავის უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულება მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების განმტკიცებას ეხება.

"ყველა მინისტრმა ძალიან კარგად შეასრულა მისი საქმე და დამაგვირგვინებელი შეთანხმების გაფორმება გახდა შესაძლებელი, თუმცა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება შეთანხმების დადებით არ ხდება და საჭიროა მისი შესრულება, რომელიც გრძელვადიანი პროცესია. მგონი, ეს სწორი მიმართულებით სწორად გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანას თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება სჭირდება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღება სერიოზულად იქნა დაზიანებული და მას ეტაპობრივი აღდგენა სჭირდება. დიდი ხნის მანძილზე, ამას ვერ ვახერხებდით, რადგან მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების თაობაზე დიდი ენთუზიაზმი არ იყო. მოხარული ვარ, რომ საფრანგეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება და აქ კონსულტაციები იყო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან და სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან. ასე, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როცა შეიარაღება მწყობრში იქნება და თავს კიდევ უფრო მეტად დაცულად ვიგრძნობთ. ეს მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებაა, რომელიც დედამიწის ზურგზე დამატებით საფრთხეს არავის უქმნის და მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას აამაღლებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.