თეა წულუკიანმა ახალდაბის მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა

თეა წულუკიანმა ახალდაბის მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ახალდაბაში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , თეა წულუკიანმა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილ მოსახლეობას ჩაუტანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა − ურიკები, ბარები; რეზინის ჩექმები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რაც იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა გაიღეს.

სამინისტროს განმარტებით, ნივთები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით შეგროვდა.

"14 ივნისს იუსტიციის მინისტრი ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა ახალდაბაში, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ტიპის დახმარებას საჭიროებდა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა. სწორედ მათი თხოვნის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ გენერატორიც შეიძინა, რომელიც ახალდაბის მოსახლეობას კომუნიკაციების აღდგენამდე ელექტროენერგიით მოამარაგებს", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დღესვე სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტიც გაიხსნა, რომელიც მოსახლეობას პირველად დახმარებას გაუწევს.