მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთაზე წყალარინების ქსელის დაზიანება აღმოფხვრილია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალარინების ბრიგადა მელიქიშვილის ქუჩაზე გამავალ 500 მმ-იან მაგისტრალურ ქსელს რეცხავდა, ამუშავებდა და რეაბილიტაციისთვის ამზადებდა. დილიდან მუშაობას უკვე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამშენებლო ბრიგადა შეუდგა, რომელმაც 20-მეტრიანი დაზიანებული მონაკვეთი მოკლე დროში მთლიანად შეცვალა და გზის სავალი ნაწილი მოაწესრიგა.
გზის სავალი ნაწილის ჩავარდნა სტიქიით დაზიანებული წყალარინების ქსელის გამო მოხდა. ქსელის დაზიანება კი წყალარინების ქსელში კოკისპირული და ხანგრძლივი წვიმის შედეგად მომატებული სანიაღვრე წყლების ჩადინებამ გამოიწვია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, რომ არა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების ყოველწლიური რეაბილიტაცია, სისტემა 13-დან 14 ივნისის ღამეს მომხდარ სტიქიურ უბედურებას ვერ გაუძლებდა და გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.