დაავადებათა კონტროლის ცენტრი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებებს იძლევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებებს იძლევა.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოლექტივი გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის გამო. წყალდიდობის შემდგომ გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გატყობინებთ:

ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეულ რისკებს;

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;

• შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

• გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი - ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად, ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით - მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოთავსეთ მაცივარში; მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში. გახსოვდეთ! მაცივარი არ არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.

დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას, გაითვალისწინეთ - არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი; გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი", - ნათქვამია განცხადებაში.