ბაგების ხევში კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილმა კლდემ და მიწის ქანებმა ბაგების ხევი ფაქტობრივად გადაკეტეს და მდინარის წყლის დაგუბების საშიშროება არსებობს.
ადგილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თემურ მურღულიამ განაცხადა, მსგავს მოვლენებს ნალექის სიუხვე განაპირობებს. "ჩამოიშალა კლდის მნიშვნელოვანი ნაწილი, კლდის ჩამოშლამ შეიძლება მდინარის დაგუბება გამოიწვიოს, ამიტომ მაქსიმალურად სრული შემადგენლობით ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის მოგვარება. უახლოეს საათებში შედგება სწორი გეგმა და დაიწყება მისი განხორციელება", - აღნიშნა თემურ მურღულიამ.
ბაგების ხევში ჩამოშლილ კლდესთან ახლოს ბაგების ქვესადგური და რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსია.