თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა , ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, ბოლო მონაცემებით, კიდევ ერთი მიცვალებული მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს.
"მე-13 გარდაცვლილის ცხედარია ნანახი. ამ წუთისთვის შემიძლია გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს 9 პიროვნების ძებნითი სამუშაოები. დანარჩენი პირები, რომლებზეც აქამდე კეთდებოდა განცხადება, რომ მათაც ვეძებდით, უკვე გამოჩნდნენ, ცოცხლები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილია 9 პიროვნება, რომლების ძებნაც მიმდინარეობს", - განაცხადა ქაწაშვილმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია და მუშაობას აგრძელებს. სამუშაოებში ჩართულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი.
"მერიის სხვადასხვა სამსახურთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობთ. ამ წუთებში იწმინდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ზოოპარკიდან შესასვლელი, საიდანაც ტექნიკა შეძლებს ზოოპარკის ტერიტორიაზე შესვლას და მძიმე ტექნიკა დაიწყებს ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობას. თუ იქ მიცვალებულები არიან, ეს უფრო გაგვიადვილებს მათ მოძებნას", - განაცხადა ქაწაშვილმა.
მისივე თქმით, მეცამეტე გარდაცვლილი მამაკაცი ზოოპარკის ტერიტორიაზე, სახლის დაშლის შედეგად იპოვეს.