სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის 40 მილიონი საკმარისი არ იქნება

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის 40 მილიონი საკმარისი არ იქნება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის 40 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

"რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ცხადია, რომ ჯერ დათვლილი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 40 მილიონი იქნებოდა ზარალი, თუმცა როგორც ჩანს, ამ თანხაში ვერ ჩავეტევით, ზარალი გაცილებით მასშტაბურია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდეს თანხების პერედისლოკაცია. ამავე დროს ვმუშაობთ დონორებთან, რომ ან ახალი დაფინანსება მივიღოთ, ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, დღეს გაიმართება შეხვედრა დონორებთან, ასევე კომუნიკაცია შედგება მსოფლიო ბანკსა და სხვა ორგანიზაციებთან. ხადური იმედოვნებს, რომ მთავრობა ზარალის მინიმალიზაციას მოახერხებს.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.