საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ელჩს აქვს ინფორმაცია იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რაც სტიქიით დაზარალებულ თბილისს ესაჭიროება და ისინი ამ ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებს აწვდიან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სწამინისტროში სპეციალური ჯგუფია შექმნილი.
„ამ ტრაგედიამ გულგრილი არ დატოვა ჩვენი მეგობარი ქვეყნები. ჩვენ ვიღებთ სამძიმარს, გამოხმაურებას მთელი საერთაშორისო საზოგადოებისგან. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებისგან სამძიმრის წერილებს იღებენ. მადლიერები ვართ, რომ ამ საშინელებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ: პოლონეთში, თურქეთსა და ლიტვაში თბილისის დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩვენ ყველა საელჩოსა და ელჩს ვესაუბრებით. მათ დელეგირებული აქვთ, რომ საკუთარ ქვეყნებს გააცნონ თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა კერესელიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„მინდა გამოვთქვა მწუხარება იმ ტრაგიკული მოვლენის გამო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს დაატყდა და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ჟურნალისტებს გითხრათ მადლობა იმ თავდადებული მუშაობისთვის, რომელიც იმ ღამეს გასწიეთ“, - განაცხადა კერესელიძემ.