თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახი განათავსეს.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, მომხდარი სპეციალისტების "არმოსმენის შედეგია".
ამასთან, პრეზიდენტის აზრით, შეკითხვაზე, რა იყო სტიქიის მიზეზი და რაში მდგომარეობს გამოსავალი, პასუხი არა პოლიტიკოსებმა, არამედ სწორედ არქიტექტორებმა, ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქის განვითარების სპეციალისტებმა უნდა გასცენ.
"ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა არის დაბინავებული და ყურადღება ექცევათ, მაგრამ გარკვეთილი არის კატასტროფული. ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ნათელია დასკვნა - აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. არ შეიძლება არ ვეკითხებოდეთ აზრს დარგის სპეციალისტებს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ მოხდეს. ამაზე პასუხი არ აქვს არც ერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქის განვითარების სპეციალისტებს, რომელთა ხმასაც ჩვენ დღეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. სწორედ არ მოსმენის შედეგია, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ. ეს არ არის თანამედროვე ვითარება. თანამედროვე საზოგადოება არ ცხოვრობს ასე - როდესაც ხევის ადიდების შედეგად ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება შეკითხვას, ხედავს თუ არა მომხდარის გამო ვინმეს პასუხისმგებლობას, მათ შორის წინა ხელისუფლებაში, მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, რადგან სფეროში კომპეტენტური არ არის.
"მე არ ვარ ამ სფეროში კომპეტენტური და ვერც ერთ თემას ვერ მივაბამ წინა ხელისუფლებას, ვერც იმის წინა ხელისუფლებას, ვერც კომუნისტების პერიოდს, იმიტომ რომ არ ვარ ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი. მე თქვენ გესაუბრებით ფაქტზე – თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან. მეორე - თუ ჩვენ დავიწყებთ დამნაშავეების ძიებას და არა ვითარების პროფესიურ შესწავლას, კიდევ უფრო დავიკარგებით დეტალებში. ჩვენ უნდა გვქონდეს კვალიფიციური დასკვნა სპეციალისტების იმასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ეს პრობლემა. ამ თვალსაზრისით მე არა პოლიტიკურ, არამედ მეცნიერულ მსჯელობას ველოდები და იმედი მაქვს, რომ ასეთი მსჯელობა შედგება, რადგან საქართველოს ჰყავს მართლაც გამორჩეული სპეციალისტები ბევრ დარგში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა საზოგადოებასაც მიმართა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახს და გამოვხატო იმედი, რომ ის ხალხი, ვინც დაკარგულია, მალე გამოჩნდება. მეორე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა იმ ხალხის განცდა, რომლებთანაც დღეს ვიყავი - ისინი ძალიან მადლობლები არიან თბილისელების, იმ ხალხის, ვინც სტიქიის ღამეს და შემდგომ დღეებშიც გარეთ იყო გამოსული, აგროვებდა ტანსაცმელს. ჩვენ მართლა საოცარი ერთობა ვაჩვენეთ. ეს ხალხი ამას გრძნობს და ძალიან მადლობელია", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
სასტუმრო "ლევილში" 16 ოჯახი – დაახლოებით 60 ადამიანია განთავსებული. მათ ხარჯებს პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან ფარავს. "ლევილში" გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.