დღეიდან, სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.
ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. თავდაცვის უწყების მიერ მუშახელისა და მოხალისეებისთვის უზრუნველყოფილია სამი საველე სასადილო. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან. ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.