პოლონეთში საქართველოს დასახმარებლად აუქციონი გაიმართება

პოლონეთში საქართველოს დასახმარებლად აუქციონი გაიმართება

პოლონელი ბიზნესმენი, ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი და საქართველოს ძველი მეგობარი, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე მეგობრებს და საზოგადო მოღვაწეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"დღეს შევიტყვე თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ. ხალხი დაიღუპა.., საქართველოს, რომელიც ისედაც არ გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, მოდით დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია",- წერს ბიზნესმენი.

იგი მეგობრებს მიმართავს, რომ აუქციონზე რაიმე ღირებული ნივთები გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხები, პოლონეთში საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადაეცემა, თბილისში დაზარალებულთათვის გასაგზავნად. ამ მიზნით, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ რესტორანში სპეციალური ქართული საქველმოქმედო საღამოს გამართვის ინიციატივით გამოდის.
"თბილისში მე ჩემი გული დავტოვე სამუდამოდ", - აცხადებს პოლონელი ბიზნესმენი.

პოლონეთში საქართველოს საელჩოს დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთის სეიმში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მიხალ შჩერბამ. ელჩისადმი მიწერილ წერილში დეპუტატი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.