ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად გავაკონტროლებ სიტუაციას, რომ არ მოხდეს რომელიმე ოჯახის უყურადღებოდ დატოვება

ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად გავაკონტროლებ სიტუაციას, რომ არ მოხდეს რომელიმე ოჯახის უყურადღებოდ დატოვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირადად გააკონტროლებს სიტუაციას, რომ არ მოხდეს რომელიმე ოჯახის უყურადღებოდ დატოვება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრად კონსოლიდირებულია მთელი მთავრობა, საჯარო სექტორი და კერძო სექტორი. "მინდა ბიზნესმენებს მადლობა გადავუხადო. ისინი ჩართულები არიან და მთელი საქართველოს მოსახლეობა არის გაერთიანებული ამ პრობლემის ირგვლივ. ამაში არის მთელი ძალა. ყველაზე დიდი ტრაგედია არის ჩვენი ადამიანების დაკარგვა. 12 ადამიანი არის ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილი და დაახლოებით 20 ადამიანს ვეძებთ. ეს არის ყველაზე დიდი დანაკლისი, დანარჩენი პრობლემა არის მოგვარებადი და აღმოიფხვრება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა განმარტა, რომ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისთვის კომპენსაციის სახით 10 ათასი ლარი გამოიყოფა, მაგრამ მეორე არის დაზარალებული ოჯახების ზარალის დათვლა და ამის ანაზღაურება. 

"ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად აღმოვუჩენთ დახმარებას. ჩვენ პირველ ეტაპზე დავითვლით ზარალს და შემდეგ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ამ ოჯახებს. მათ პირობა აქვთ მთავრობისგან და მე მინდა ეს ღიად დავადასტურო", -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა მეგობარი სახელმწიფოებიდან. "მე დღეს უკვე რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დამირეკა და მათ აღმითქვეს სხვადასხვა სახის დახმარება. დამირეკა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, დამირეკა ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან. ყველასგან გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა არის მობილიზებული. ჩვენ ასევე ვაპირებთ დონორებთან გავმართოთ შეხვედრები. მე ხვალაც მექნება შეხვედრა. ფინანსთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად. ჩვენ შევძლებთ საკმარისი თანხის კონსოლიდირებას ბიუჯეტში, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ოჯახებს. ეს პრობლემები არის მოგვარებადი. მთავარია ის, რომ დაკარგულ სიცოცხლეს ჩვენ ვეღარ დავუბრუნებთ ადამიანებს. სხვა დანარჩენზე არ უნდა ვინერვიულოთ, სხვა დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.