პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ, კარგია თუ მათი ეს სურვილი და სოლიდარობა არის გულწრფელი, მაგრამ მათ ხელი არ უნდა შეუშალონ სამუშაოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს რეალური საქმის კეთებაა საჭირო და არა ტყუილი განცხადებები.
"მოქალაქეების ჩართულობა არის ძალიან სასარგებლო და არის ძალიან კარგი მათი მხრიდან გამოჩენილი სოლიდარობა. პოლიტიკოსებიც, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოვიდნენ კარგია თუ მათი ეს სურვილი და სოლიდარობა არის გულწრფელი, მაგრამ მათ ხელი არ უნდა შეუშალონ სამუშაოებში. მათი პოლიტიკური განცხადებები კარგია, კი ბატონო, მაგრამ აქ ჩვენ გვჭირდება რეალური საქმის კეთება და არა ტყუილი განცხადებები და ყალბი განცხადებები.
ასე რომ, მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, სამუშაოების შეფერხება უნდა ავიცილოთ თავიდან. არ უნდა მოხდეს სამუშაოების შეფერხება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დღეს იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, რომელთა ლიდერებმაც საქართველოს დასახმარებლად მზაობა გამოთქვეს.
"დამირეკა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან - სომხეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ არიან მზად, რომ დაგვეხმარონ მაქსიმალურად როგორც შეეძლებათ. ასევე, დამირეკა უკრაინის პრემიერ მინისტრმა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.