პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ

პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ

საქართველოს პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და კვლავაც აგრძელებენ მუშაობას, მოსახლეობას კი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

"ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გუშინ ღამევე დაიწყეს მუშაობა. მოსახლეობა გაფრთხილებულია. მე მსურს კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და ცხოვლების შენიშვნის შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ. მოსახლეობის უსაფრთხოების გამო შესაბამისი სამსახურები შეძლებისდაგვარად ახორციელებენ გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფას", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე ქალაქში საავტომობილო შეზღუდვებზეც ისაუბრა. "სტიქიის გამო შეფერხებები იქნება გადაადგილებაში. საპატრულო პოლიციამ გაავრცელა უკვე მოძრაობის მარშრუტები. თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან".

პრემიერის ინფორმაციით, საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების კვლევა. "ითვლება ზარალი და მოსახლეობას მაქსიმალურად მხარდაჭერა გაეწევა. მობილიზებულია ფინანსთა სამინისტრო და და საქართველოს მთავრობა მთლიანად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.