სტიქიამ

სტიქიამ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გაზსადენი დააზიანა

გუშინ ღამით, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ საგრძნობლად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გაზსადენი, რის შედეგადაც დედაქალაქის რამდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ადიდებულმა მდინარე ვერემ მოგლიჯა და წაიღო ვერეს ხეობაში გამავალი შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" 500 მმ-იანი და ხილიანის ქუჩისკენ მიმავალი 200 მმ საშუალო წნევის გაზსადენების ნაწილი, დაზიანდა ასევე 150 მმ და 300 მმ საშუალო წნევის გაზსადენები გმირთა მოედანზე.

ამასთან ერთად, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებულია წყნეთის მკვებავი 150 მმ საშუალო წნევის გაზსადენიც, რომლის დაკეტვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება უგზოობის გამო. დაზიანებული მილის დაკეტვის შემდეგ, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება წყნეთის მოსახლეობასაც. ამ დროისათვის გაზი არ მიეწოდება ბახტრიონის გორის, ხილიანის, სვანაძის, ყიფშიძისა და საჯაიას ქუჩებს. კომპანიის საავარიო სამსახურები გუშინდელი ღამიდან გადავიდნენ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე, რათა დროულად აღდგეს დედაქალაქის გაზმომარაგება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე აბონენტებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ბუნებრივი აირი.