პრემიერმა საგანგებო შტაბს დაავალა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ

პრემიერმა საგანგებო შტაბს დაავალა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ

პრემიერმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს, მათ შორის დედაქალაქის მერს დაავალა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ. 

საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერმა დედაქალაქის მერისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ზემო წყნეთში, ბეთანიაში მეწყერი ჩამოწვა. დედაქალაქის მერმა წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წყლის დიდი ნაკადი მილებმა სწრაფად ვერ გაატარა და ვაკე-საბურთალოსთან დიდი მასა დაგროვდა, "მზიურთან" და ზოოპარკთან, იქ სადაც მილებით იყოფა ხეივანი. ამასთან, ნარმანიას თქმით, გარდა რისკის ქვეშ არსებული სახლებისა, დაიტბორა სხვა სახლებიც. 

"არის სახლებიც, რომელიც ახლოს დგას ხეივანთან და რომლებიც ყოველთვის იყო რისკის ზონაში, თუმცა თითქმის ბოლომდე იყო წყალი ამოსული. 15-20 წუთში მოხდა დატბორვა. ამ ეტაპზე სამი რამ არის აუცილებელი, პირველი სამაშველო სამუშაოები, მეორე – დატბორილი სახლების გაწმენდა და მოსახლეობის დახმარება და მხარდაჭერა", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე შტაბის წევრებს დაავალა, რომ თითოეული ოჯახის ზიანის აღწერა მოხდეს და მაქსიმალურად გაეწიოს მათ დახმარება. 

"არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. 

შტაბის სხდომას ესწრებიან შს მინისტრი და საპატრულო პოლიციის ხელმძძღვანელი, ასევე კრიზისების საბჭოს მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სამაშველო ჯგუფების ხელმძღვანელები და ასევე გენშტაბის წარმომადგენელი გენერალი ჩაჩიბაია.