ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე ძალიან სერიოზულ ფაზაში შევდივართ

ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე ძალიან სერიოზულ ფაზაში შევდივართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულების დეტალებზე არ საუბრობს. როგორც თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ავსტრიიდან ჩართვისას განაცხადა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე ძალიან სერიოზულ ფაზაში შევდივართ.

კითხვაზე, ივნისის ბოლოს პარიზში რა ტიპის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს.

"ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზაზე ძალიან სერიოზულ ფაზაში შევდივართ. რა ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, ამაზე არ ვაპირებ საუბარს. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყვის. ძალიან ბევრი ითქვა ამის შესახებ ისეთი, რაც საჯაროდა არ უნდა თქმულიყო და ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. თუმცა, დღეს ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ინფორმაცია, რა შეიძლება მინიმალიზებული იყოს კონკრეტულად, ამ ხელშეკრულების შინაარსის შესახებ", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ ეცოდინება რა ტიპის, რა მოცემულობისა და რა შესაძლებლობის აღჭურვილობას ვყიდულობთ. ხიდაშელის თქმით, ამაზე არც ერთ ქვეყანაში საჯაროდ არ საუბრობენ, როცა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესი იწყება.

ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ირაკლი ალასანიას წყენა. ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიას მიერ ფრაგულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი "სურვილების კრებული იყო".

თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს იყო "სურვილების კრებული". თინა ხიდაშელის მტკიცებით, ამაში მას ცუდი არ უგულისხმია, "სწორმა და კარგმა სურვილებმა" მისცა შესაძლებლობა ალასანიას შემდგომ თავდაცვის მინისტრებს მემორანდუმი ხელშეკრულებად ქცეულიყო.

ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალასანიას დროს ვერ მოესწრო და მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს იქცა მემორანდუმი ხელშეკრულებად, რომელსაც ხელი უკვე მისი მინისტრობის პერიოდში მოეწერება.

"მე მერგო პატივი მოვაწერო ამ ხელშეკრულებას ხელი. მზად ვარ, რომ სამივემ ერთად მოვაწეროთ ხელი, რომ არავინ დარჩეს ნაწყენი", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ეს ხელშეკრულება საქართველოს უფრო დაცულს გახდის.