საქართველოს პრეზიდენტი დავით პატარაიას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დავით პატარაიას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, უნვერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით პატარაიას წიგნის "საერთაშორისო ურთიერთობები დისციპლინა და თეორია" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო, რომელმაც შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"მე ვულოცავ დათოს დიდ უნარს, ერთდროულად იყოს ძალიან ინტენსიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოახერხოს ასეთი სიღრმისეული და სქელტანიანი ნაშრომის შექმნა. მე და ჩვენი მეგობრები, ვინც ერთად ვმუშაობთ, არაერთხელ შევსწრებივართ ამ წიგნის წერას თვითმფრინავში, მანქანაში და ურთულეს ვითარებაში, სადაც დათოს აქვს უნარი უცებ ამოხტეს ყოველდღიური რეჟიმიდან და გადავიდეს აკადემიურ განწყობაში. ვულოცავ ქართულ საზოგადოებას ამ ახალ შენაძენს, ვულოცავ დათოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაშრომი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ცოდნას და უნარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევების განსახორციელებლად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრეზენტაციას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით პატარაია 2002 წლიდან იურიდიული მეცნიერებათა დოქტორია. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თითქმის 20 წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. პატარაიას გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, უშუალოდ წიგნზე "საერთაშორისო ურთიერთობები დისციპლინა და თეორია" კი სამი წელი მუშაობდა.