ის შენიშვნები, რაც საქართველოს მიმართ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ირგანიზაციას (ICAO) ჰქონდა, პრაქტიკულად გამოსწორებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ICAO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, საქართველოს ელჩმა კანადაში ალექსანდრე ლაცაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შენიშვნები ძირითადად ეხებოდა კომპანიების სერტიფიცირებას. ამასთან, როგორც ლაცაბიძე აღნიშნავს, საქართველო არანაირ "შავ სიაში" არ არის და ეს ტერმინი საერთოდ არც არსებობს.
"ICAO-ს მიერ ტარდება სტანდარტული შემოწმებები და მოწმდება ყველა ქვეყანა. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა რაიმე ხარვეზები, ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა დრო, რომ ეს ხარვეზები გამოასწოროს. ჩვენი ინფორმაციით, ICAO და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობენ. 2013 წელს იყო სააუდიტორო შემოწმება. იყო ხარვეზები, რომლებიც გამოსწორდა. ეს ეხებოდა სერტიფიცირებას და აქედან გამომდინარე, 2015 წლის მაისამდე იყო მორატორიუმი ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე. ამ ხარვეზებთან დაკავშირებით ICAO-ს მხრიდან საქართველოს მიეთითა შენიშვნები და ეს შენიშვნები პრაქტიკულად გამოსწორებულია. რაც ხარვეზები დარჩა, იმაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ლაცაბიძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ICAO-ს შორის საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანიები ევროკავშირის უსაფრთხოების ე.წ. "შავ სიაში" არიან შესული. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასოდეს ყოფილან ევროკავშირის უსაფრთხოების შავ სიაში.