უსაფრთხოების ოფიცირების ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია, - ამის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს პარლამენტში განაცხადა.
საუბარია უშიშროების თანამშრომლებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ინიშნებიან და რაც პარლამენტში ინიცირებულ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონითაც არის გათვალისწინებული.
როგორც იზორია აცხადებს, უსაფრთხოების ოფიცირების ინსტიტუტი მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს. მან მაგალითად ესტონეთი დაასახელა.
"აღნიშნული ინსტიტუტი არსებობს მთელ რიგ ქვეყნებში. ამ ინსტიტუტის მთავარი აზრია, საიდუმლო ინფორმაცია იყოს დაცული. საიდუმლო ინფორმაციის რეჟიმის დაცვაზე იყოს პასუხისმგებელი ის, ვინც არის კვალიფიციური. ამ ინსტიტუტის არსებობა გამართლებულია იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ სახელმწიფო ორგანოებში, სადაც შეიძლება მაღალი რისკი იყოს სახელმწიფო უსაფთხოების კუთხით, განხორციელდეს გარკვეული პრევენციული მოქმედებები. მათ შორის კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ, როგორც არის ჯაშუშობა, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, საბოტაჟი და სხვა. გამომდინარე აქედან, ინტერესი ამ მიზნებს ემსახურება", - აღნიშნა იზორიამ, რომელმა მზაობა გამოთქვა, ამ მხრივ კანონის ჩანაწერი კიდევ უფრო დაკონკრეტდეს.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ოფიცერს მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნავს და გამოირიცხება მავნე პრაქტიკა, როცა მას ერთის მხრივ შესაბამისი სამსახური და ასევე იმ სახელმწიფო უწყების ხელმძვანელი ნიშნავდა, სადაც ის ინიშნებოდა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტის გათვალისწინებით, სამსახური უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ამოცანების შესასრულებლად, სახელმწიფოს უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში დანიშნოს ოფიცერი უშიშროების საკითხებში.
უშიშროების ოფიცრები ე.წ. ოდეერების სახელით არიან ცნობილი.