„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“

„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“

საგარეო საქმეთა მინისტრის თამა ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

ამის შესახებ მინისტრმა პოლონეთში  ვროცლავის გლობალურ ფორუმზე განაცხადა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული  გამოწვევების, რთული საგარეო ფაქტორებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მცოცავი ანექსიის  მიუხედავად, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია.

„ეს არის ცივილიზაციის,  ღირებულებების, დემოკრატიული პარტნიორების არჩევა და ეს არჩევანი არ არის  მიმართული, რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ  და არ ითვალისწინებს  ახალი გამყოფი ხაზების გაჩენას, ან ცივი ომის პერიოდის  დაბრუნებას“ - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

ვროცლავის ფორუმზე განხილვის მთავარი თემა ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა და უსაფრთხოებაა. წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი  რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.

აღნიშნულ საკითხზე ფორუმის მთავარ მომხსენებლებად საქართველოსა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაკედონიის თავდაცვის მინისტრი წარსდგნენ. 

ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ გახსნა. ფორუმის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, ასევე სენატორებთან და „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლებთან.