საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს და რუსეთის ფედერაციისაგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას სათანადო შეფასება მისცეს, რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები არ დაუშვას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 1,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნების პროცესში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები «Застава», «Гранат», «Орлан» და «Леер», რომელთა საშუალებითაც ხორციელდება დაზვერვა და არტილერიის ცეცხლის კორექტირება. ამავდროულად წვრთნებში მონაწილეობენ Т-72БМ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2, თვითმავალი ჰაუბიცები «Акация» და «Гвоздика».