საქართველოს საგარეო უწყება, ტურინში გამართულ ICC WCF მე-9 კონგრესში, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სავაჭრო პალატების ეროვნულ კომიტეტს და საერთაშორისო სავაჭრო პალატების სამდივნოს მიმართა, რათა გადამოწმდეს ზემოხსენებულ ღონისძიებაში ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობის ფაქტი.
"საერთაშორისო სავაჭრო პალატების ორგანიზაციის ოფიციალური წევრია საერთაშორისო სავაჭრო პალატების ეროვნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეა ფადი ასლი. აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2009 წელს გაწევრიანდა პალატათა მსოფლიო ფედერაციაში, რომელიც წარმოადგენს ICC-ის ქვესტრუქტურას. გაწევრიანება მოხდა პროცედურული დარღვევებით, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ICC Georgia-ის მოთხოვნით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობა WCF-ში გაუქმდა. ქართული მხარის კოორდინირებული ძალისხმევით, ICC-ში და WCF-ში 2014 წლის პირველი ივნისიდან გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც აფხაზეთის წარმომადგენელი ლეგიტიმური ორგანიზაცია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2015 წლის 10-12 ივნისს ქ. ტურინში გამართულ ICC WCF მე-9 კონგრესში შესაძლო მონაწილეობის საკითხს საგარეო უწყების ინფორმაციით, უწყებამ შესაბამის სტრუქტურებს ღონისძიებაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობის ფაქტის გადამოწმების მიზნით უკვე მიმართა.
"მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას",- აცხადებენ საგარეო უწყებაში.
აფხაზური მედიის ცნობით, ტურინში სავაჭრო-სამრეწველო პალატების მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამრეწველო პალატა მონაწილეობს. მსოფლიო კონგრესს აფხაზური ე.წ. დელეგაცია სავაჭრო პალატის პრეზიდენტ გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით ესწრება.