პარლამენტი პირველი მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის ინიციატივას იხილავს, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.
საკითხს დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს.
მთავრობის ინიციატივით წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი. აქედან მთავარი კანონპროექტებია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტი და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აგვისტოდან არის დაგეგმილი. შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ერთჯერადად - 6 წლის ვადით აირჩევს.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება.
პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
"ეს არ არის მასშტაბური რეფორმის დასასრული. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რაც მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში იგეგმება, ინსტიტუციურად მომავალშიც განხორციელდება. ასე რომ, ეს არ არის პროცერსის დასრულება. ეს არის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი. რეფორმები მუდმივი პროცესია", - განაცხადა ლევან იზორიამ.