ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის საჩივრის ზეპირი განხილვა მოითხოვეს.
საქმე ეხება პროკურატურის საჩივარს, რომლითაც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს საკუთარი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად სცნო პროკურატურის მტკიცებულება; კერძოდ, სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც, დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულებს ბრალი აქვთ წარდგენილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მათთვის უკვე ცნობილია, იმ მოსამართლის ვინაობა, რომელმაც პროკურატურის საჩივარი უნდა განიხილოს.
"მოვითხოვთ, პროკურატურის საჩივარი მხარეთა დასწრებით - ზეპირი მოსმენით იქნას განხილული. ამ მოთხოვნით, უკვე მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი შეტანიდან 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს.