ბაქოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით გამართულ „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების“ გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მიღებაზე მსოფლიო ლიდერები, მათ შორის მონაკოს პრინცი, თურქეთის პრეზიდენტი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი იმყოფებოდნენ.
„ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები" დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში, 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 104 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრემიერ–მინისტრი შვილებთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანაშვილი შედიან.