მოლდოვას პრემიერის გადადგომა მისი განათლების შესახებ აგორებულ სკანდალს უკავშირდება

მოლდოვას პრემიერის გადადგომა მისი განათლების შესახებ აგორებულ სკანდალს უკავშირდება

მოლდოვის პრემიერის, კირილ გაბურიჩის გადადგომა მისი განათლების შესახებ აგორებულ სკანდალს უკავშირდება. ამის შესახებ მოლდოვური გამოცემა newsmaker-ის ცნობით, თავად გაბურიჩმა განაცხადა.

"ჩემი განათლება გამოიყენეს პოლიტიკური თამაშებისთვის. მე ეს არ მინდა. მე აქ მოვედი როგორც მენეჯერი, ყველაფერი გავთვალე როგორც მათემატიკოსმა და არა პოლიტიკოსმა", - განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

მისივე თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

როგორც ცნობილია, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბების საქმის გამოძიების შესახებ მასალები გადაუგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაბურიჩიმ გენერალურ პროკურორს და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მოლდოვის სამი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობის საქმესთან დაკავშირებით გადადგომისკენ მოუწოდა. გაბურიჩი გუშინ გენერალურ პროკურატურაშიც დაიბარეს.

"გენერალურ პროკურატურაში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქმეზე დამიბარეს. თქვენ იცით, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მე რიგ მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოვუწოდე. ვიცით, რომ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები კანონის წინაშე თანასწორნი არიან", - განაცხადა გაბურიჩიმ.

მოლდოვის პრემიერის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ სკანდალი რამდენიმე თვის წინ აგორდა. კერძოდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაბურიჩის უმაღლესი განათლება არ აქვს და მისი დიპლომი ყალბია.