სჯობს, მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს არა მერია, არამედ საკრებულო წყვეტდეს

სჯობს, მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს არა მერია, არამედ საკრებულო წყვეტდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, თბილისის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკრებულოს გადაწყვეტილებით უნდა ხდებოდეს და ამ მხრივ, არსებული ნორმა არ უნდა შეიცვალოს.

საუბარია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილ ერთ-ერთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ, არა საკრებულოს, არამედ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცემა.

"ბუნებრივია, მივესალმები თვითმმართველი ორგანოების უფლებების გაზრდას ეკონომიკური აქტივობების წახალისებისა და გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობის გაზრდის კუთხით, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც დამატებით ახსნა-დასაბუთებას მოითხოვს. ეს არის ცვლილება, რომლის მიხედვით, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ არა თბილისის საკრებულოს, არამედ მერიის გადაწყვეტილებით უნდა გადაეცეს. როდესაც უქონელი მუნიციპალიტეტები ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიან, აქ ყოველთვის მაქვს კითხვები. რა შეუშლის ხელს, თუკი მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდება? გასაგებია, რომ პრივატიზაციის ნაწილში პროცესი დასაჩქარებელია. მე სათანადო გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უარის თქმა რთული იყოს, ამიტომ უმჯობესია დარჩეს საკრებულოს სავალდებულო თანხმობა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა "ინტერპრესსნიუსს" განუცხადა, როდესაც საქმე ქონების არა კერძო საკუთრებაში, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ეხება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საკითხი აქტუალობას კარგავს.

მისივე ცნობით, პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან დაფიქსირდა შენიშვნა იმის თაობაზე, რომ თბილისის მერიის მიერ ქონების პრივატიზაციის, ელექტრონული აუქციონის თუ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, ცენტრალური მთავრობის თანხმობა საჭირო არ იყოს.

გარდა ამისა, ქუცნაშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ საპრივატიზაციო ობიეტების ნუსხა და გეგმა ისევ საკრებულომ დაამტკიცოს, თუმცა ეს კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს და ამიტომ აღნიშნული შენიშვნა დღის წესრიგიდან მოიხსნა.