ზოგიერთი დეპუტატი გაცდენის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს და ამით ბოროტად სარგებლობს

ზოგიერთი დეპუტატი გაცდენის მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს და ამით ბოროტად სარგებლობს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, გაცდენებთან დაკავშირებით ზოგიერთი დეპუტატი საპატიო მიზეზად, ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს და ამით ბოროტად სარგებლობს.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში სავარაუდოდ, ცვლილებები შევა, თუმცა ეს მარტივი არ იქნება

,,პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და საერთოდ ამოვიღოთ ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიო მიზეზებიდან ან შესაძლოა იქ რაღაც დაზუსტდეს. დღევანდელი რეგულაციით, პარლამენტის წევრი უბრალოდ აკეთებს განცხადებას, რომ ის ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სხდომას და ეს მას საპატიოდ ეთვლება. თუმცა, რა მდგომარებაა ამ შემთხვევაში ასეთი მითითებები არ ხდება და გაცდენილი სხდომების სიმრავლე ეჭვს აჩენს, რომ ზოგიერთი პარლამენტის წევრი ბოროტად სარგებლობს ამით. ეს გარკვეულ დაფიქრებას საჭიროებს იმიტომ, რომ არცთუ ისე მარტივი იქნება კონკრეტული რეგულაციის მოფიქრება. ძალიან მალე ეს პროექტი მზად იქნება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატების გაცდენებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება მოითხოვა.