მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო საწარმოების რეფორმების სადამკვირვებლო საბჭოს ჩაუდგება სათავეში, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "უნიანი" იტყობინება.

აღნიშნული საბჭო უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ შექმნა.

"დღეს ჩვენ ვქმნით სახელმწიფო საწარმოების რეფორმების საზედამხედველო საბჭოს. ეს ჯგუფი იქნება ექსპერტებით დაკომპლექტებული, რომლებსაც საჯარო ადმინისტრირების სფეროში აქვთ გამოცდილება, იცნობენ უკრაინას და გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას და აქვთ რეფორმების თავიანთი ხედვა. მოხარული ვარ, რომ გუბერნატორი სააკაშვილი დაგვთანხმდა, ამ საბჭოს სათავეში ჩაუდგეს",  - განაცხადა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, აივარას აბრამავიჩუსმა.

სააკაშვილმა კი ამ პოსტის დაკავებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მსგავსი საბჭოს არსებობა აუცილებელია, ვინაიდან უკრაინაში სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები "ოლიგარქებისთვის შავი ფულის" წყაროა. "მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინის მასშტაბური ძარცვა მიმდინარეობდა. უკრაინას აქვს შესანიშნავი ინდუსტრიული და ადამიანური რესურსების პოტენციალი. გასულ წელს მაიდნის მოვლენების შემდეგ, ჩვენ გვქონდა "მინუს" 100 მილიარდი გრინვა. ჩვენს თვალწინ საწარმოების ხელმძღვანელებმა უკრაინელ ხალხს 100 მილიარდი გრინვა მოპარეს. ამიტომაც ვსაურობთ დღეს ჩვენ უკრაინის ძარცვის შეჩერებაზე" - აღნიშნა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა.