საჭიროა იმ პროცედურების გამარტივება, რომელიც დედაქალაქში ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას უკავშირდება, - ამის თაობაზე დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში , "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პრესკონფერენცია თბილისის ვიცე-მერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გამართა და როგორც განმარტა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურთან, მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად მომზადდა.
ჟორჟოლიანის თქმით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების უმთავრესი ამოცანაა, ინვესტორების მოზიდვა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, რაც თავის მხრივ ქონების განკარგვის წესებსა და თბილისის მერიის მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება.
"ამისთვის რამდენიმე არსებითი, პრინციპული ცვლილებება შემოგვაქვს, რომელიც ამ ეფექტურობას ხელს შეუწყობს. პირველი – ეს არის ქონების განკარგვისას პროცედურების გამარტვივება და ახალი ფუნქციების დამატება. არსებობს ქონების ორი სახე: გასასხვისებელი და გაუსხვისებელი ქონება, რაც კანონით არის განსაზღვრული. გამარტვებული პროცედურები მხოლოდ გასასხვისებელ ქონებას შეეხება და მერია საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე – ადრე ეს საკრებულოსთან შეთანხმებით იყო, ქონების განკარგვას განახორციელებს. ცხადია, ეს საკრებულოს შესაძლებლობას არ ზღუდავს, გაუწიოს ზედამხედველობა მერიის ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამასთან, ეს მხოლოდ აუქციონის ფორმით ქონების განკარგავს ეხება, ყველა სხვა ფორმაში და, ზოგიერთი მათგანი ახალი ფორმაა, საკრებულო ჩართული იქნება. ეს ეხება პირდაპირი განკარგვის წესს, რა პრივილეგიაც აქამდე მხოლოდ მთავრობას ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის უფლებამოსილება თბილისის მერიას უნდა გააჩნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხედვა კოორდინირებული და ჰარმონიზებული უნდა იყოს, პროექტით პარლამენტს ვთავაზობთ მექანიზმს, რომლის მიხედვით აღნიშნულ პროცესს წამოიწყებს მერია, განიხილავს საკრებულო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვება მთავარობა. ამისათვის, საკრებულოს და მთავრობის თანმხობა იქნება საჭირო. ეს არის მერიის ახალი ფუნქცია, რაც მას აქამდე არ ჰქონდა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პროექტის სიახლეა ისიც, რომ შემოდის ქონების სხვა ფორმით – არამხოლოდ პირდაპირი პრივიტაზებით განკარგვის წესი. კერძოდ, ეს არის წილებისა და აქციების განკარგვის შესაძლებლობა, რაც ჟორჟოლიანის თქმით, ასევე საკრებულოსთან შეთანხმებით განხორციელდება. როგორც კანონპროექტის თანაავტორი აცხადებს, ეს ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების არა მხოლოდ მოზიდვას, არამედ აქტივების უცხოურ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას.
გია ჟორჟოლიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკურ გააქტიურობასა და ხელშეწყობას და ამ მხრივ მიზანმიმართული პოლიტიკის წარმართვას ისახავს მიზნად.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ამ წუთებში მსჯელობა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. კომიტეტების სხდომაში მონაწილეობას იღებს თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი.