თინა ხიდაშელი - საფრანგეთთან ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე იყო სურვილების კრებული

თინა ხიდაშელი - საფრანგეთთან ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე იყო სურვილების კრებული

საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე იყო სურვილების კრებული , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების დახვეწაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება და მას ხელი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს მოეწერება.

"არ არის ეს დოკუმენტი სკანდალური. არანაირად არ არის. არის მცდელობა იმის, რომ ის გახადონ ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბად, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივადაა ამ დოკუმენტთან მიმართებაში. მისი დახვეწის დასრულების პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალი ტემპით და ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლოს მოხდება ხელმოწერა. სწორედ მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო ამ ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ მხარეზე მუშაობა და ეს პროცესი ჩვენ გავაგრძელეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, როცა ქვეყანა ასეთი ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს, იქ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ მხრივ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა იმ სატელეფონო საუბრის დეტალების გარკვევას, რომელზეც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა, მისი განცხადებით, ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ხელშეკრულება, როგორც ფაქტი, სახეზე აქვს.

"არაფრის გარკვევას არ ვგეგმავ იქიდან გამომდინარე, რომ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი რას გულისხმობდა ბატონი ალასანია, როცა სატელეფონო ზარზე საუბრობდა, იმიტომ, რომ არსებობს ფაქტი, რომელიც თვალნათელია, ჩემ წინაშე დევს და იქ არანაირი კითხვები არ არის. მინდია ჯანელიძის დროს, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მანამდე. ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა სწორედ მინდია ჯანელიძის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული. ეს ხელშეკრულება არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ არის რაღაც ორგვერდიანი დეკლარაცია, რომელშიც წერია, რა კარგია და როგორ გვინდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს სრულყოფილი. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ხელშეკრულება და მასში უამრავი ნიუანსია დაწყებული იმით, რომელი სასამართლო იხილავს საქმეს დავის არსებობის შემთხვევაში და დამთავრებული ფინანსური ვალდებულებებით, ვადებით და ა.შ. ამიტომ, ასე მარტივად არ შეიძლება საუბარი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.