თინა ხიდაშელი უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

თინა ხიდაშელი უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება ხიდაშელმა "მაესტროს 9-იანში" ლეიტენანტ დავით ნემსაძესა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაწყებული დაპირისპირების კომენტირებისას გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, საკითხის გარკვევა სამხედრო პოლიციის უფროსს უკვე დაავალა. "მე ვიცი ამ ამბის შესახებ. მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდი თვალს მიმოწერებს, რომელიც მედიასა თუ "ფეისბუქში" იყო. უკვე ვესაუბრე სამხედრო პოლიციის უფროსს და ვთხოვე, რომ დაიწყოს ამ საკითხის მოკვლევა. ასევე, მე გავეცანი იმ ინკოგნიტო გვერდს, რომელიც "ფეისბუქშია" შექმნილი. ბუნებრივია, ჩემი ერთ-ერთი ინტერესის სფეროა მისი ავტორი, იმიტომ, რომ აქ არის სრულიად მიზანმიმართული კამპანია თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციისთვის. ყველაფერი, რაც იქ წერია, უნდა დადასტურდეს, რომ არის სიმართლე, ან ასეთი ტიპის დისკრედიტაციას პასუხი გაეცეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის თქმით, მისი, როგორც თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, არ დაუშვას უწყების დისკრედიტაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები იმ ადამიანების მისამართით, რომლებსაც თავდაცვის სისტემის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით.

"ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არ დავუშვა ასეთი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს, რომელიმე გენერალს, იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემის მშენებელობაში და გენერალი ჩაჩიბაია სწორედ ერთ-ერთი ასეთია. ის არის ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი დიდი დამსახურება აქვს თუკი ნატოსკენ მიმავალ გზაზე რამე წარმატებაზე ვლაპარაკობთ. ასე რომ, არ დავუშვებთ ასეთ ცილისმწამებულ კამპანიას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

უფროსი ლეიტენანტი დავით ნემსაძე გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. მან გუშინ მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებები გაასაჯაროა.