"შულც გლობალის" ფონდი, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "შულც გლობალ ინვესტმენტიდან" აცნობეს, ხვალ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I"-ის გახსნის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომლის მონაწილეები "გლობალური ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი" (GEEREF), და "ავსტრიის განვითარების ბანკი" (OeEB) იქნებიან. "გლობალური ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი" და "ავსტრიის განვითარების ბანკი" ფონდის წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან, რომლებიც 13 მილიონი დოლარისა და 7 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას განახორციელებენ. ფონდი საინვესტიციო საქმიანობის დაწყებას საქართველოში მომდევნო თვეებიდან გეგმავს.
"კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I"-ის მიზანია, განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. "შულც გლობალის" აზრით, აღნიშნული მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურების განვითარების პროცესის შეყოვნებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტების მფლობელებს და განვითარების მსურველებს აქვთ შეზღუდული წვდომა კაპიტალზე, რაც ხელს უშლის ამ ზომის, მიმზიდველი პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. "კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I" -ის მეშვეობით კომპანია გეგმავს გადაჭრას არსებული პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ჰიდროენერგოსადგურების პოტენციალის გამოვლენას საქართველოში.
"შულც გლობალ ინვესტმენტი" ორიენტირებულია დაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ამავდროულად, "შულც გლობალი" გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის ეტაპებზე.
"შულც გლობალი" წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიკურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.
"საქართველოს აქვს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და სწორი სტრატეგიით მოქმედების შემთხვევაში მას შეუძლია გახდეს განახლებადი ენერგიის წყარო, ე.წ. "ჰაბი" მთელი კავკასიის რეგიონისთვის. "შულც გლობალის" სურვილია, "კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I"-ის საშუალებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. ფინანსური ინტერესის გარდა, "შულც გლობალის" მიზანია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ადგილობრივ ბიზნესგარემოზე. ინვესტიციის განხორციელებისას უშუალოდ დაინტერესებული ვიქნებით კომპანიების მართვის სტილის გაუმჯობესებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინვესტიცია შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს და იქონიებს დადებით ზეგავლენას გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებზე ქვეყანაში. ვასრულებთ რა სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განვითარებად ბაზრებს შორის, სადაც ვოპერირებთ, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით საქართველოში მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს", - განაცხადა "შულც გლობალის" დამფუძნებელმა და დირექტორმა გაბრიელ შულცმა.